announcement
საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა, საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტის, მანანა სანაძის "ბებოს ზღაპრები".
აქამდე, მანანა სანაძე ფართო საზოგადოებისათვის ცნობილა, როგორც უამრავი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნისა და სახელმძღვანელოს ავტორი. ეს კი მისი ერთგვარი დებიუტია საბავშვო ლიტერატურაში.
წიგნი გამოიცემა სამ სერიად, საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ. თითო სერიაში შედის 5 ზღაპარი და განკუთვნილია 8-10 წლამდე ბავშვებისათვის.
"ბებოს ზღაპრები" პატარა მკითხველს სთავაზობს უამრავ საინტერესო თავგადასავალს პომიდორასთან, ფორთოხალასთან, მსხალასთან, კვახუნასთან, კარტოფილასთან და სხვა ხილ-ბოსტნეულის ბავშვებთან ერთად. - ხილ-ბოსტნეულის ბავშვები განა არსებობენ? - ალბათ, დაეჭვებით იკითხავთ თქვენ. წაიკითხეთ და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ არათუ არსებობენ, არამედ თქვენსავით თამაშობენ, უყვართ, მეგობრობენ, მეცადინეობენ, უხარიათ, მშობლებს უჯერებენ... ან არ უჯერებენ...
პირველ წიგნში პატარა მკითხველი გაეცნობა თუ რა ძვირად დაუჯდა პომიდორას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და გადასასვლელზე უყურადღებობა; როგორ გახდა პატარა მსხალა სახელგანთქმული მუსიკოსი; როგორ დაძლია ღორმუცელა ფორთოხალამ ტორტის ერთიანად შესანსვლის ცდუნებას და ტორტი ხელუხლებლად შეუნახა მეგობრებს; როგორ გაატარა თავისი არდადაგები პატარა კვახუნამ ბებია კვახასთან სოფელ კიტროვანში; როგორ დაიხსნეს კარტოფილამ, ფორთოხალამ, ხახვამ და სხვებმა დელფინები ბოროტი შავხელას ტყვეობიდან.
წაიკითხეთ და ისიამოვნეთ!
25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით წიგნის შეძენას შეძლებთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე. "ირიათონის" დახლთან.
მისამართი: ექსპო ჯორგია, წერეთლის გამზირი 118.